ირიბი ჩვენებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ სტანდარტებზე ორდღიანი ერთობლივი ტრენინგი გაიმართა. ტრენინგი ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის "საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან" ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გაზიარებას და არსებული გამოწვევების შესაბამისად, საერთო მიდგომების ჩამოყალიბებას. ტრენინგი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა დავით ასათიანმა, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ანა ზეცმა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან თევზაძემ გახსნეს.
სასწავლო კურსს ევროპის საბჭოს მოწვეული ექსპერტები ჯერემი მაკბრაიდი და ნანა მჭედლიძე უძღვებოდნენ. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, მტკიცების ტვირთი და მტკიცებულების ზოგადი სტანდარტები, ჯვარედინი დაკითხვა, ირიბი ჩვენება, უდანაშაულობის პრეზუმფცია, საპროცესო შეთანხმება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ტრენინგი 2 დღე გრძელდებოდა და ის 36-მა მონაწილემ გაიარა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის პრიორიტეტულია საქართველოში
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების დანერგვა და ამ მიმართულებით მხარს უჭერს ადვოკატების, პროკურორებისა და სისტემის გამომძიებლების გადამზადების პროცესს.